Edit Content
Freelancing

5 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა თუ ფრილანსერობას აპირებ

Posted on
by

თუ ფრილანსერობას აპირებ, სანამ მზადებას დაიწყებ, ჯერ უნდა გაერკვე რამდენად შენია ცხოვრების ეს სტილი. მე როდესაც ფრილანსერობას ვიწყებდი ყველაფერი ფერადად მესახებოდა, ვთვლიდი რომ როცა მინდოდა მაშინ ვიმუშავებდი და ბევრი თავისუფალი დრო მექნებოდა. მაგრამ მალევე მივხვდი, ამ ეტაპამდე სანამ მივიდოდი უამრავი პრობლემა უნდა მომეგვარებინა. მთლიანად ცხოვრების სტილის შეცვლა მიწევდა და ტრანფორმაციის პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ამ ამბებს სხვა დროს მოგიყევბით. 

თუმცა ამ 5 კითხვაზე პასუხი თავიდანვე რომ მქონოდა ეს ეტაპი ბევრად მარტივად ჩაივლიდა. მაშ ასე, გადახედე კითხვებს და ჩაუღრმავდი შენს თავს. 

  1. რამდენად კომფორტულად ვარ დროის მართვასთან?

ახლა უკვე შენზე იქნება დამოკიდებული როდის იმუშავებ, როდის დაიწყებ და დაამთავრებ. არ გექნება ფიქსირებული სამუშაო საათები, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო, რომ ყველაფერი დედლაინისკენ არ მოიტოვო. თორემ შეუსრულებელი საქმეები დაგიგროვდება, დაკავდები პროკრასტინაციით და მუდმივად გექნება განცდა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. ამიტომ თუ ფრილანსერობას აპირებ, ეცადე რომ ახლავე გამოიმუშაო დროის ეფექტურად მართვის ჩვევები. 

  1. რა მხდის პროდუქტიულს? როგორი სამუშაო პირობები მჭირდება? 

აუცილებლად დააკვირდი საკუთარ თავს, როგორ პირობებში ხდები უფრო პროდუქტიული და შემოქმედებითი. რა გარემო გჭირდება იმისთვის, რომ სწრაფად იმუშაო და მალევე დახურო მნიშვნელოვანი თასქები.  შეგიძლია გარემოს მიხედვითაც კი გადაანაწილო, სად რა ტიპის დავალების გაკეთება მოგიწევს. მაგალითად, თუ უფრო მეტად დაგეგმვა ან სწრაფი აზროვნება გჭირდება, შეიძლება სამუშაო მაგიდასთან ასრულებდე. თუ იდეებზე მუშაობა გჭირდება შეგიძლია გახვიდე გარეთ, კაფეში, ბუნებაში, სამუშაო სივრცეში, იქ სადაც ბევრი ადამიანია. სივრცე იმის მიხედვით უნდა აარჩიო, სადაც ინპირაცია უფრო მეტად მოდის შენთან. აუცილებლად მოაწესრიგე შენი სამუშაო გარემო, სადაც შენს ტვინს ეცოდინება, რომ ნამდვილად მუშაობს და არ ისვენებს. 

  1. როგორ ვაპირებ მომხმარებლების ზრდას და ჩემი სერვისის გაყიდვას?

ფრილანსერობასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია ის, რომ არასტაბილურია და ეს ფულის არქონასთან ასოცირდება. რეალურად კი ფრილანსერი ბევრად მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ფულ თაიმ მომუშავე ადამიანი. მე  თვითონ, როდესაც ფრილანსერობას ვიწყებდი ჯერ დავაგროვე მომხმარებლების დიდი რაოდენობა, ვიმუშავე კონტაქტების გაზრდაზე, რეკომენდაციებზე და ა.შ. რომ მქონოდა საკმარისი საქმე და შემოსავალი და როცა უკვე დავრწმუნდი, რომ ფრილანსით უფრო მეტს გამოვიმუშავებდი, ვიდრე ფულ თაიმ სამსახურში მთლიანად გადავერთე დისტანციურ რეჟიმზე და ფრილანსერული ცხოვრების წესზე. 

  1. მზად ვარ შევიძინო ახალი მეგობრები? და როგორ ვაპირებ ამას? 

არიან ადამიანები ვისაც არ უყვართ დიდი დროის სხვა ხალხთან გატარება, მაგრამ როდესაც ფრილანსერი ხარ და ყოველდღიურ რეჟიმში არ გიწევს ოფისში სიარული და ადამიანებთან შეხებაც ნაკლებად გაქვს, დგება მომენტი როდესაც თავს მარტო გრძნობ. ან გჭირდება ახალი ნაცნობები, ახალი გარემო და ამასაც ახლავე თუ დაგეგმავ როგორ დააბალანსებ სოციალურ ცხოვრებას შემდეგ საკმაოდ გაგიმარტივდება. მოიფიქრე სივრცე სადაც ახალ კონტაქტებს გაიცნობ და ისეთ ურთიერთობებს ააშენებ, რაც როგორც პიროვნებას კომფორტულად გაგრძნობინებს თავს თავისუფალ დროს.

  1. კომფორტულად ვარ ჩემს თავთან? მიყვარს მარტო ყოფნა?  

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმოგზაურო, შეიძლება სხვადასხვა სივრციდან იმუშაო, უამრავ ადგილას წახვიდე მაინც დგება მომენტი როცა დიდი დოზით გიწევს დროის გატარება საკუთარ თავთან. ამიტომ კარგად დააკვირდი არის თუ არა ეს შენთვის კომფორტული. ზოგჯერ როდესაც ოფისში ვართ , ხმაურში და ყველაფერი გვებზრდება წარმოვიდგენთ რა კარგი იქნება მარტო ყოფნა. მაგრამ როცა ადამიანები მარტო რჩებიან წინა მხარეს ის შფოთვა და ღელვა გადმოდის, რაც მარტო ყოფნას ახლავს თან. ან იმ პრობლემებზე ვიწყებთ ფიქრს, რაც გონებაში გვაქვს დასალაგებელი და მოსაგვარებელი. ამიტომ კარგად დააკვირდი მარტო ყოფნისას რას აკეთებ და რისი კეთება გაახლოვებს უფრო მეტად შენს თავთან. თუ ფრილანსერობას აპირებ აუცილებლად შეიძინე რაიმე ჰობი საქმის გარდა და კარგად დაფიქრდი რითი იზრუნებ შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

დაფიქრდი თითოეულ კითხვაზე. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. კარგად გაიაზრე რამდენად საშენოა ფრილანსერობა, დაფიქრდი რა უნარების გამომუშავება გჭირდება სანამ ცხოვრების წესს შეიცვლი და მოემზადე საინტერესო მოგზაურობისთვის. თან თვალი ადევნე ჩემს ბლოგს, ფრილანსერობაზე უამრავი საინტერესო სტატია გელოდება.

განაგრძე კითხვა