
დაფიქრებულხარ, რა არის სრულყოფილების საფასური? პერფექციონიზმი წარმატების პირველი მტერია, ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარო სხვებს და აჩვენო ღირებულებითი ნაწილი მთელ დროს სრულყოფილ სამზადისს უთმობ. და ეს პროცესი ზოგჯერ წლებიც კი იწელება.
გაიხსენე:
- როდის გადაწყვიტე რომ შენი ბლოგი გაგეკეთებინა?
- ან შენი თაროზე შემოდებული ბიზნეს იდეა როდის მოგივიდა?
- როდიდან გეგმავ რომ მეტი ისაუბრო შენს გამოცდილებაზე?
- ან სულაც :დ ჯანსაღი კვების დასაწყებად რამდენი ხანია ახალი ღუმელის ყიდვას ელოდები?
ზოგჯერ მსგავსი გაცნობიერებები კომიკურ სახეს იღებს, ჯერ გეცინება, შემდეგ კი თვითგვემისკენ მიდიხარ და ნაცვლად იმისა დაიწყო და გადადგა პირველი ნაბიჯები, ახლიდან იწყებ გეგმების დაწყობას.
მეც შეპყრობილი ვარ ყველაფრის იდეალურად კეთებით. როცა ჩემი გაკეთებული საქმით აღფრთოვანებულები არიან, მაინც ის მიტრიალებს გონებაში რომ უკეთესად შემეძლო და თითქოს ვადანაშაულებ სხვებს, როგორ ვერ ხედავენ რამდენია გამოსასწორებელი.
და მაინც რა არის პერფექციონიზმი?
პერფექციონიზმი საკუთარი თავისთვის იმაზე დიდი სტანდარტების დაწესებას ნიშნავს, ვიდრე გარემოება მოითხოვს. ყველაფერი საუკეთესოდ უნდა შესრულდეს, სხვა შემთხვევაში წარუმატებლობად აღიქვამ.
პერფექციონიზმი ყოველთვის ცუდი არაა. პირიქით. ჯანსაღია თუ ლიდერი ხარ, შრომისმოყვარე, მოტივირებული, გაქვს მიზნები და მისი შესრულების რეალური გზები. უარყოფით დატვირთვას მას შემდეგ იღებს, თუკი სრულყოფილება აკვიატებად იქცევა და მუდმივად უკმაყოფილო ხარ საკუთარი თავით. სანამ შენ იდეალურ მომენტს ელოდები, სხვები ახორციელებენ შენს იდეებს, უშვებენ შენ დასაშვებ შეცდომებს და ეს ეხმარებათ უფრო წინ წავიდნენ.
როგორ გავუმკლავდე პერფექციონიზმს?
ნაბიჯი 1. აღიარება
ყველაფერი აღიარებით იწყება. როგორც კი ვაღიარე, რომ ეს თვისება ხელს მიშლიდა წარმატებაში ყველაფერი მარტივად წავიდა და დიდი ხნის გეგმები რეალობად იქცა.
როგორ უნდა ამოიცნო პერფექციონისტი ხარ თუ არა? უბრალოდ დაუსვი რამდენიმე კითხვა საკუთარ თავს.
- ვერგები ჩემივე დაწესებულ სტანდარტებს?
- მაწუხებს ღელვა და შფოთვა როცა ვცდილობ ჩემს სტანდარტებს მოვერგო?
- უთქვამთ ჩემთვის რომ ზედმეტად მაღალი სტანდარტები მაქვს?
- ჩემივე სტანდარტები მიქმნიან სირთულეებს? მაგალითად, ვერ ვჯდები დედლაინებში, მიჭირს დავასრულო თასქი ან ნდობის პრობლემა მაქვს სხვებთან?
თუ ერთ კითხვას მაინც კი უპასუხე, დროა დაიწყო ფიქრი რომ რაღაც გაქვს შესაცვლელი.
როგორია პერფექციონისტების ქცევის მაგალითები:
- ქრონიკული პროკრასტინაცია. თასქების შესრულების სირთულე, ადვილად ნებდება
- ზედმეტად ბევრს ფიქრობს თასქზე. შეიძლება ნახევარი სთ-იან თასქზე ნახევარი დღე იფიქროს.
- მუდმივი ამოწმებს ყველაფერს, რაც გააკეთა. შეიძლება 5 წუთში დაწერილი მეილი, ნახევარი სთ ამოწმოს, რომ სადმე შეცდომა არ ჰქონდეს გაპარული.
- გამუდმებული მცდელობა გააუმჯობესოს. დასრულებულ ნამუშევარს არ გზავნიან, უბრუნდებიან ახლიდან და ახლიდან, რადგან უფრო დახვეწილი და კარგი იყოს. ამასობაში კი უამრავი სხვა თასქი აქვთ სიაში.
სწრაფი რჩევა: ჩამოწერე რეალისტური მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ და თან ატარე, შეიძლება ქარდების სახით გქონდეს ან რომელიმე მობაილ აპლიკაციაში. როცა “გაიჭედები” შეახსენებ შენს თავს სად ხარ და რა გაქვს გასაკეთებელი, დაგეხმარება რეალისტურად ფიქრში.
ნაბიჯი 2. გამკლავება
მას შემდეგ რაც ვაღიარე პერფექციონიზმი ხასიათის სიძლიერე კი არა, წარმატების მტერი იყო ეგრევე მოქმედებაზე გადავედი. რა გავაკეთე? გაგიზიარებ რამდენიმე დაძლევის გზას, ცადე. დააკვირდი საკუთარ თავს და თუ შევსების იდეა მოგივა აუცილებლად გამიზიარე მეც და სხვებსაც <3
- ენდე საკუთარ თავს.
ნუ უწესებ იმხელა სტანდარტებს რასაც სხვას არასოდეს მოსთხოვდი. როგორც კი გაათავისუფლებ საკუთარ თავს მარწუხებისგან, ნახავ როგორ გაიზრდება შენი პროდუქტიულობა და რა მარტივად გაიყვან ყველა თასქს ბოლოში.
ნდობის პრობლემა უმრავლესობას აწუხებს, არ ვენდობით სხვებს, არ ვიღებთ უპირობო დახმარებას ან სიყვარულს, თუმცა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ არ ვენდობით საკუთარ თავს.
- დაიწყე რეალისტური ფიქრი.
ნუ ეცდები ყველაფერი აკეთო სრულყოფილად, არამედ აკეთე მიზნიდან გამომდინარე.
გახსოვდეს, რამდენიმე რეალისტური მტკიცებულება:
“შეცდომის დაშვება არ ნიშნავს, რომ სულელი ვარ, ეს ნიშნავს რომ ადამიანი ვარ, ყველა უშვებს შეცდომას”,
“არაუშავს თუ ყოველთვის სასიამოვნო ადამიანი არ ხარ, ყველას შეიძლება ცუდი დღე ჰქონდეს”,
“არაუშავს, თუ ყველას არ მოსწონხარ, არავინაა ისეთი ვინც, ყველას მოსწონს”
- შეხედე დიდ სურათს.
ფოკუსირდი მიზანზე და იფიქრე რა შედეგს დადებ, რა ღირებულებას მოიტან. შეწყვიტე უმნიშვნელო დეტალებზე ფიქრი.
დაუსვი შენს თავს კითხვები:
“ეს მართლა მნიშვნელოვანია?”
“ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?”
“თუ ყველაზე საშინელი რამ მოხდება, მე როგორ გავუკლავდები?”
“ეს ისევ მნიშვნელოვანი იქნება ხვალ? იმ კვირაში? შემდეგ წელს?”
“თუკი ყველაფერი გამომივა რა სარგებელს მოიტანს ჩემთვის? სხვებისთვის?”
- შეეშვი ზედმეტი დროისა და ენერგიის ინვესტირებას.
ისევ და ისევ მიზნიდან და ღირებულებითი ნაწილიდან გამომდინარე, გააკეთე რაც აუცილებელია. ეს არ ნიშნავს რომ ხარისხი დააკლო, არამედ დაგეგმო და გააკეთო ისე რომ ზედმეტი რესურსი არ დახარჯო.
- განსაზღვრე პრიორიტეტები. დაისახე გაზომვადი მიზნები.
ყველაფერს თუ ერთად შეუტევ, ისევ გაიჭედები. ამიტომ განსაზღვრე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. შემდეგ დაყავი პატარა დავალებებად და ისე მიყევი, შედეგის დანახვა დაგეხმარება ნაკლებად კრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ და პროცესიც ბევრად მარტივად წავა.
- მიეცი შენს თავს უფლება დაუშვა შეცდომები.
მანიაკალურად მეშინია შეცდომების დაშვების. ყოველთვის ვცდილობ იდეალური ვიყო და საუკეთესოდ ვაკეთო ყველაფერი. მაგრამ რაც უფრო ვცდილობ, მეტ შეცდომას ვუშვებ.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამიკეთებია, ვისწავლე მივიღო ჩემი შეცდომები, როგორც გამოცდილება. და ყველა შეცდომა ათმაგი სისწრაფით მაახლოვებს სასურველ შედეგს. დამოკიდებულების ამბავია, გავათენო მთელი ღამე ამაზე ფიქრში, თუ ვისწავლო რა შემიძლია გავაკეთო სხვანაირად.
არის შეცდომები, რომელიც აუცილებლად უნდა დაუშვა, რომ ისწავლო და განვითარდე. და ეს პირადად შენი შეცდომებია.
- გამოხატე სისუსტე. სთხოვე სხვებს დახმარება.
ზოგჯერ სხვებისგან დახმარების მიღება სისუსტესთან ასოცირდება, რეალურად კი ამპარტავნება უფროა. თუკი დახმარება გჭირდება ითხოვე. თუკი დაიღალე, თქვი რომ დაღლილი ხარ. თუ მხარდაჭერა გჭირდება ისაუბრე შესაბამის ადამიანებთან. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ წუწუნს.
ჯანსაღი კომუნიკაციის ნაწილია შეგეძლოს საუბარი იმაზე თუ რა მოგწონს, რა არ მოგწონს. რა გამოგივიდა კარგად და რა არა. გაცნობიერება და აღიარება ხომ ყველა პრობლემის პირველი ნაბიჯია.
- იყავი კმაყოფილი საკუთარი თავით.
დაკმაყოფილდი იმ შედეგით რაც დადე, დააკვირდი რა ღირებულება მოიტანა შენმა საქმემ. გააკეთე ანალიზი. ჯობდა მეტი დრო დაგეხარჯა გეგმვაში, თუ ჯობდა გაგეკეთებინა და ახლა უკვე სხვა მისიაზე იწყებდე მუშაობას, კიდევ უფრო მეტი სარგებლის მოსატანად.
საკუთარი ენერგიის რეალიზება ახალ ენერგიას წარმოშობს, მაგრამ საკუთარ თავში კრიტიკად ტრიალი მუდმივ შფოთვას და ღელვას იწვევს. აღიარე, რომ კარგი ხარ. გამოტყდი, რომ კარგად გამოგდის რაღაცეები და წინ წადი.
ნაბიჯი 3. საკუთარი თავის დაჯილდოება
პერფექციონიზმი შეგიძლია აქციო ძლიერ მხარედ და წარმატების მყარი საფუძველი იყოს, მაგრამ უნდა შეძლო საოცრად დიდ გამოწვევებთან გამკლავება.
პერფექციონიზმისგან გათავისუფლება ნიშნავს ჩახედო თვალებში საკუთარ შიშებს, გაუმკლავდე მათ და წინ წახვიდე. ამიტომ, გაანებივრე საკუთარი თავი იმით, რაც გიყვარს.
ყოველთვის როცა რაღაც კარგად გამოგივა დაპატიჟე შენი თავი სადილზე, გადი მეგობრების სანახავად, წადი ფილმზე ან დაკავდი იმ აქტივობით, რაც სიამოვნებას განიჭებს და მოდუნებაში დაგეხმარება.
თუ პერფექციონიზმი შენი ცხოვრებას მუდამ დაყვება დაიწყე გაცნობიერებით, რომ გინდა გაუმკლავდე. უამრავ პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებ ეტაპობრივად. პერფექციონიზმის გარდა უამრავ ინფოს მიიღებ პროკრასტინაციის, პროდუქტიულობისა და work-life ბალანსის შესახებ.